English / ქართული / русский /
ვლადიმერ ბასარია
დედამიწაზე „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის დამკვიდრების პრობლემები

ანოტაცია. კაცობრიობის გონება და გენია დიდი ხანია ესწრაფვის და ინტენსიურად ცდილობს, დედამიწის გარე სამყაროში ცოცხალი ბუნების არსებობის ნიშნებს მიაგნოს. მიუხედავად მრავალგზის მოწადინება-მცდელობისა, რის შედეგადაც ის დაეუფლა ინფორმაციას მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული ცის სხეულების შესახებ, ჯერჯერობით ვერსად ვერაფერი იპოვა. ეტყობა, სამყაროს გამჩენმა ცოცხალ არსებათა ფუნქციონირების უიშვიათესი პირობები მხოლოდ დედამიწაზე შექმნა (ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ეს ასე ჩანს) და მით უფრო დასანანია, რომ ამ უდიდეს სასწაულს - ცოცხალი ბუნების არსებობას - თავისი საქმიანობით თვით მისი უმაღლესი ქმნილება - ადამიანი დაემუქრა. სხვადასხვა ქვეყნისა და დარგის მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, საერთაშორისო სტრუქტურები ამასთან დაკავშირებით განგაშის ზარს სცემენ, კაცობრიობას გონს მოსვლისაკენ მოუწოდებენ. ამასთან, იმის თქმა, რომ დღეს კაცობრიობას ბოლომდე გათავისებული აქვს იმ საფრთხის მასშტაბები, რომელსაც თავისი გაუაზრებელი ეკონომიკური საქმიანობით მომავალ თაობებს უქმნის, ნაადრევია.

ერთ საკითხში კი თავისებური კონსენსუსის მიღწევის ტენდენცია მართლაც შეინიშნება. განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოება (ხელისუფლება) ცდილობს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის აუცილებელი ეკონომიკური ზრდის მოდელიდან მდგრადი განვითარების მოდელზე გადავიდეს, რაც, ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფასთან ერთად, ეკოლოგიის დაცვასა და გარემოს შენარჩუნებას, ანუ „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლას გულისხმობს. ამასთან, მიუხედავად ამ მიმართულებით გატარებული მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, რიო-დე-ჟანეიროში 2012 წელს გაეროს ეგიდით გამართულმა კონფერენციამ გასული ორი ათეული წლის შედეგები არასანუგეშოდ შეაფასა; მეტიც, მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილ ამ თავყრილობაზე ისიც აღინიშნა, რომ დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და, თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, გარემო ადამიანისა და საერთოდ ცოცხალი ორგანიზმის არსებობისათვის შეუთავსებელიც გახდება.

სწორედ ამ დებულების დასაბუთება-გამყარებისა და გარდაუვალი ზომების აუცილებლობის დამტკიცებას შევეცდები წინამდებარე სტატიაში.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითრება; მწვანე ეკონომიკა; ეკოლოგიური უსაფრთხოება; გარემოს დაცვა; რიო-დე-ჟანეიროს კონფერენცია; გარემოს დაცვის მართვის გამოყოფა სახელმწიფოების სუვერენული უფლებებისაგან.

* * *
მიუხედავად ხშირი ბუნებრივი კატაკლიზმებისა, დედამიწაზე ცხოვრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, კაცობრიობა მე-20 საუკუნემდე შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს; გლობალურმა ეკოლოგიურმა პრობლემამ სწორედ ამ საუკუნეში იჩინა თავი და ეს ადამიანის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შედეგად მოხდა - ამის დასამტკიცებლად იმის თქმაც საკმარისია, რომ, როგორც გაანგარიშებები მოწმობს, XX საუკუნის განმავლობაში განადგურდა დედამიწაზე არსებული ნაყოფიერი ნიადაგის ერთი მეოთხედი და ტყეების თითქმის ორი მესამედი (ყოველ ათ წელიწადში ნადგურდება და ფუჭდება ნაყოფიერი ნიადაგის თითქმის 7%; ყოველწლიურად მინდვრებიდან გააქვთ და იკარგება 26 მლრდ ტონა მიწის მოსავლიანი ფენა; წლიდან წლამდე დედამიწაზე 6 მლნ ჰექტარით იზრდება უდაბნოდ ქცეული მიწების მოცულობა და ა.შ.) [1].

თუ ეს პროცესი ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა, ბუნებას ტოტალური დეგრადაცია დაემუქრება: სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი მიწის ფართობების მთლიანად განადგურებას 50 წელიც კი არ დასჭირდება, ხოლო ტყეების აბსოლუტურ გადაშენებას - კიდევ უფრო ნაკლები დრო.

ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის დღევანდელი მასშტაბები ისეთი ხასიათისაა, მათ შორის გაცვლა უკვე იმდენად დისბალანსურია, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ კაცობრიობა თვითონვე მოსპობს დედამიწაზე თავისი ნორმალური ცხოვრებისათვის (და საერთოდ სიცოცხლის არსებობისათვის) საჭირო პირობებს.

დავსვათ კითხვა და ვუპასუხოთ მას: რაში მდგომარეობს კონკრეტულად ეკოლოგიური კრიზისის მიზეზები და მისი განვითარების ძირითადი მიმართულებები?

1. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქიმიური სასუქების გადაჭარბებულად გამოყენების, ნიადაგის დამლაშების, ქარისა და წყლის ეროზიის შედეგად სასარგებლო კულტივირებული მიწების შემცირება;
2. მიწათმოქმედების და მეცხოველეობის პროდუქტებზე, წყალზე, ადამიანის ბინადრობის გარემოზე ქიმიური ზემოქმედების ზრდა, აგრეთვე ტყეების გადაშენება, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე, მთლიანად ბუნებას უსპობს კვლავწარმოების უნარს;
3. დედამიწის ატმოსფეროში დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოფრქვევის ზრდა, რაც უკვე დღეს, როგორც დადგენილია, იწვევს დედამიწის ატმოსფეროს გარშემო არსებული ოზონის ფენის თანდათანობით განადგურებას, ხოლო ამის შორეული შედეგები ძნელად წარმოსადგენია;
4. საწარმოო ნარჩენების სწრაფი ზრდა და მათ შესანახად საჭირო მიწის (ასევე ოკეანის) ტერიტორიების გაფართოება, შესაბამისად, ადამიანის ცხოვრებისათვის საფრთხის შემცველი კერების გავრცელება;
5. როგორც ბოლო პერიოდში გახდა ცხადი, ადამიანის ცხოვრებისა და ბუნებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ატომური ელექტროსადგურები - ეს უკრაინასა და იაპონიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომელსაც მოჰყვა: ადამიანების მსხვერპლი; რეპროდუქციის უნარის ჩაკვლა - დაქვეითება; ცოცხალი არსებების დეგრადაცია; დასახლებული ადგილების, ტყეების, წყლების, მიწების გამკვდარება და ა.შ.
6. ეკოლოგიური კრიზისის დაჩქარებას ხელს უწყობს გაუთავებელი ომები თუ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ხმელეთსა თუ მსოფლიო ოკეანეში; XX-XXI საუკუნეში წარმოებული მსოფლიო თუ ლოკალური ომების შედეგად ფაქტობრივად გადაიწვა და განადგურდა ამ დრომდე ხელუხლებელი (გარემოს გამაჯანსაღებელი) ტყეების (ჯუნგლების) ტერიტორიები ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსში, ავღანეთში, აფრიკაში, ცენტრალურ ამერიკაში.
ზემოაღნიშნული და ბევრი სხვა გარემოება უსათუოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს გარდუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობისადმი კაცობრიობის მიდგომის შეცვლა: ეკოლოგიური კრიზისისაგან და, მით უმეტეს, მისი გაღრმავებისაგან თავის დასაღწევად კაცობრიობამ ახალი აზროვნება უნდა გამოიმუშაოს და ისე წარმართოს თავისი საქმიანობა, რომ არ დაარღვიოს გარემოს ის ფარგლები, რომლებშიც ყოველივე ცოცხალს ნორმალურად არსებობა და ფუნქციონირება შეუძლია; თუკი ადამიანი ესწრაფვის არსებობის გაგრძელებას, მან თავისი მეურნეობრივი საქმიანობიდან უნდა გამორიცხოს ბუნების მტაცებლური ექსპლუატაცია.
დღეს სულ უფრო მკვიდრდება აზრი (მართალია, არასაკმარისად, ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც), რომ საჭიროა კაცობრიობის ძალთა კონსოლიდაცია მდგომარეობის შესაცვლელად, მათ შორის კი განუზომლად მნიშვნელოვანია ფინანსური საშუალებების გაერთიანების უზრუნველყოფა - ამ თვალსაზრისით მზარდი ტენდენცია მართლაც აღინიშნება: 1970 წელს ბუნების დაცვის ღონისძიებაზე კაცობრიობამ დახარჯა 40 მლრდ დოლარი; 1980 წელს - 75 მლრდ დოლარი; 1990 წელს - 150 მლრდ დოლარი; 2000 წელს ამ თანხამ 250 მილიარდს გადააჭარბა; 2005 წელს - 300 მილიარდს და ამჟამად 400 მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება [2].
მიუხედავად ასეთი ზრდისა, ეს ხარჯები ვერ შეედრება ვერც ეკოლოგიური კრიზისის უარყოფით შედეგებს და ვერც კაცობრიობის ერთობლივ სამხედრო ბიუჯეტს. საკმარისია აღინიშნოს, რომ ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებიც კი გარემოს დაცვის ხარჯებს მშპ-ის მხოლოდ 1-2%-ს ახმარენ, მაშინ, როცა ზარალი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ, მათი მშპ-ის 4-6%-ს შეადგენს.

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაეროს ეგიდით გამართულ ეპოქალური მნიშვნელობის საერთაშორისო კონფერენციაზე შემუშავდა ე.წ. „მდგრადი განვითარების“ კონცეფცია, რომლის გატარება გულისხმობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის დამუშავებისას და მისი წარმოებისას საქმიანობის თითოეულ სფეროში დაცული უნდა იქნეს ეკონომიკისა და გარემოს ურთიერთობის კონფერენციის მიერ რეკომენდებული პრინციპები. მდგრადი განვითარების კონცეფცია ძირითადში ითვალისწინებს შემდეგს:
• იმის აღიარებას, რომ ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება, იცხოვრონ ჯანმრთელად და ნაყოფიერად ბუნებასთან ჰარმონიაში;
• რომ გარემოს დაცვა უნდა იქცეს განვითარების პროცესის ხელშეუვალ კომპონენტად და არ შეიძლება განხილულ იქნეს მისგან დამოუკიდებლად;
• რომ ეკონომიკური და ზოგადად განვითარების უფლების რეალიზაცია-განხორციელება მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, თუ თანაბარი ზომითაა უზრუნველყოფილი როგორც თანამედროვე, ისე მომავალი თაობების მოთხოვნილებები გარემოს შენარჩუნება-დაცვის თაობაზე.
მდგრადი განვითრების კონცეფციის მიღება - ესაა ფაქტობრივად კაცობრიობის მხრიდან იმის აღიარება, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა შეგნებულ (რეალურად შეცნობილ) ეკოლოგიურ აზროვნებაზე გადის მხოლოდ; რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმავე გაეროს მიერ „დედამიწის ქარტიად“ მოხსენიებული მდგრადი განვითარების შემდეგი ფუნდამენტური პრინციპების ცხოვრებაში გატარება:
• ეკოლოგიური პრობლემის მასშტაბურობის, სირთულისა და სიღრმის ადეკვატური აღქმა, მომავლისათვის მისი გადაწყვეტის აბსოლუტური პრიორიტეტულობის აღიარება;
• ეკოლოგიური პროგრამების შესაბამისი სტატუსის დამკვიდრება და სამართლებრივი, საკანონმდებლო, საფინანსო, ტექნიკური და პროფესიული უზრუნველყოფა;
• ეკონომიკის საწარმოო-დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს მისი ორიენტირება სუფთა, რესურსდამზოგავი და მცირენარჩენიანი (უნარჩენო) ტექნოლოგიებისაკენ;
• თითოეული ბუნებით მოსარგებლის რეალური პასუხისმგებლობა ბუნების დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის;
• ბიოსფეროს შესწავლის და ბუნების დაცვის საქმიანობის მეცნიერული უზრუნველყოფის დარგში ფუნდამენტური გამოკვლევების პროგრამების განხორციელება;
• ბიოსფეროს დაცვის სპეციალური ფონდის შექმნა;
• ბიოსფეროს კომპლექსური მონიტორინგის (კონტროლის) ორგანიზება-მოწყობა;
• მაღალი საშიშროების რისკის შემცველი დასაპროექტებელი, მშენებარე თუ მოქმედი ობიექტების აუცილებელი მიუკერძოებელი ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
• გლობალური და ეროვნული ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველა სახელმწიფოს მიერ ბუნების დაცვის ეფექტიანი ურთიერთქმედების სისტემის შექმნის გზით;
• ბიოსფერულ-ეკოლოგიურ და ბუნების დაცვის საკითხებში აღმზრდელობითი და თანმიმდევრული საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, ამ სფეროში მუშაობისათვის პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადება;

აქ კი მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო რიო-დე-ჟანეიროს ამავე (1992 წლის) კონფერენციის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც ნათქვამია, რომ გარემოს დაცვის საკითხებში ერთიანი წესების შემოღება არ არის აუცილებელი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში თავისებური და განსაკუთრებული პირობებია, შესაბამისად, ეკოლოგიის დაცვის საკითხში განსხვევებული მიდგომებია დასაშვები. დიახ, ეს ცალსახად სწორი დებულებაა, მაგრამ მისი ასეთი ხაზგასმა, არ მგონია, სასარგებლო იყოს გარდუვალ ღონისძიებათა გატარების აუცილებლობის პირობებში. ეს უფრო მეცნიერთა და სპეციალისტთა მხრიდან ამ უმტკივნეულეს პროცესში მიკერძოებული ინტერესების მატარებელთა მიმართ გაკეთებულ ერთგვარ გამამართლებელ დათმობას წააგავს და საკითხის ასე დასმა (განსხვავებულობის ხაზგასმა), ვფიქრობ, სწორი და მისაღები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დედამიწის ყველა რეგიონში გარემოსდაცვითი საკითხების მართვა-რეგულირებას რომელიმე საერთო (სახელმწიფოების ეკონომიკურ საქმიანობაში ეკოლოგიური საკითხების პარიტეტულობის პრინციპზე დაფუძნებული ერთობლივი) ორგანო განახორციელებდა. პლანეტაზე კი დღესდღეობით განსხვავებული, მნიშვნელოვანწილად ეგოისტური მიდგომა-მოტივაციის ქვეყნები არსებობენ, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან ასეთი მიდგომა (ხაზგასმა) თავიანთი მიკერძოებული ინტერესების დაკმაყოფილებისა და აუცილებელი პლანეტარული მნიშვნელობის ღონისძიებების გატარებისაგან თავის დაღწევისათვის გამოიყენონ.

კაცობრიობის წინაშე მდგარი ეკოლოგიური კატასტროფის პრობლემის სიმწვავის აღიარება რომ ხშირად დეკლარირებულ ხასიათს ატარებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონის განსხვავებულობაშიც ძევს; განვითარების სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ საფეხურზე მყოფ სახელმწიფოებს ამოცანებიც სხვადასხვა აქვთ და ხშირად ამიტომაცაა, რომ კონკრეტულ პერიოდში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ნდომა ერთნაირი არ არის; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მათ მიერ განხორციელებული მოქმედება განპირობებული იქნება ეგოისტური, მიკერძოებული დამოკიდებულებით. მაგალითისათვის, ამ თვალსაზრისით გასაგებია ჩინეთის პოზიცია, რომლის მიხედვით ეკოლოგიური პრობლემის დასაძლევად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიმართ ერთნაირი მიდგომა ამ უკანასკნელთა ჩამორჩენის დაძლევას ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს.

პრობლემასთან გასამკლავებლად საერთო მიდგომის გამომუშავებას და განსაკუთრებით მის პრაქტიკულად განხორციელებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ნებისმიერ ხელისუფალთა მოქმედება შინაარსს პირველ რიგში კაცობრიობის რაღაც საერთო, შორეული პერსპექტივის პრობლემების გადაწყვეტა კი არ წარმოადგენს, არამედ მათი მმართველობის პერიოდის თანამედროვე მოსახლეობის კეთილდღეობის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა განაპირობებს. მათი საქმიანობის ასეთ წარმართვას კი ის განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებისათვის მართვის პერიოდის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ამომრჩევლები უფრო მეტად იმას აქცევენ ყურადღებას, დადებითად შეიცვალა თუ არა მათი კეთილდღეობა ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიდრე იმას, თანმიმდევრულად ახორციელებდა თუ არა მთავრობა ეკოლოგიის დაცვას საერთაშორისო დონეზე მიღებული შეთანხმებების შესაბამისად. საკითხავია, ამომრჩევლის ასეთმა მოტივაციამ ხომ არ უბიძგა პრეზიდენტ ტრამპს, რომ გამოეყვანა აშშ მსოფლიო საზოგადოების დიდი ხნის განსჯა-მცდელობის შედეგად მიღწეული კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან.

ცნობილია, რომ ადამიანში შინაგანად ძევს გვაროვნობის გაგრძელების შესანიშნავი ნდომა-ინსტინქტი. მაგრამ ეს მოთხოვნილება-წადილი გულისხმობს (წვდება) მაქსიმუმ ორ-სამ თაობაზე ზრუნვას; ამიტომ, იმისათვის, რომ ადამიანმა მოახერხოს ეკოლოგიური ვითარების გაუარესების მზარდი ტემპების შეჩერება და გააგრძელოს არსებობა, მან ინსტინქტების დონეზე უნდა გაითავისოს ეკოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობა, უნდა შეიგნოს და გაისისხლხორცოს, რომ კაცობრიობის ხანგრძლივად არსებობისათვის აუცილებელი მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტების საყოველთაო დაცვის გარეშე უწყვეტი ეკონომიკური ზრდა, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას კი არ მოუტანს მის შთამომავლობას, არამედ გადააშენებს.

ეკონომიკურ ზრდას, როგორც ბუნების თუ საზოგადოების განვითარების ნებისმიერ მოვლენას, შინაგანი დიალექტიკა ახასიათებს; ეს ზრდა წინააღმდეგობრივად მოქმედებს - ის ერთსა და იმავე დროს დადებითს (სიკეთეს) და უარყოფითს (უკეთურებას) მოიცავს: დადებითს - ადამიანების უშუალო კეთილდღეობაზე სასურველი ზემოქმედებით და უარყოფითს - ზიანის მიყენებით.

ზემოთქმულს კი მივყავართ მოსახლეობის (ადამიანის) კეთილდღეობის შეფასების მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მთლიანი შინა პროდუქტის ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში გაანგარიშების მეთოდოლოგიის პრინციპულად შეცვლის აუცილებლობასთან. დაუშვებელია მშპ-ის ცვლილება ნაციონალური თუ მსოფლიო მასშტაბით დადებითად ან უარყოფითად იქნეს აღქმული, თუ მასში არ არის გათვალისწინებული გარემოს დაცვის ზიანისა და მისი აღმოფხვრის შედეგების მაჩვენებლები.

დასკვნა

დასასრულ, კიდევ ერთი მოსაზრება - ზემოგამართული საუბრის თავისებური კვინტესენცია.

ბოლო რამდენიმე ათეული წელი დედამიწაზე გარემოს დაცვის ღონისძიებებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის დინამიკის ანალიზი ნათლად მოწმობს, რომ კაცობრიობას გადასარჩენად გაცილებით მეტის გაკეთება სჭირდება; თვისებრივად, პრინციპულად უნდა შეიცვალოს პრობლემისადმი როგორც სახელმწიფოთა დამოუკიდებლად, ისე ერთობლივი ძალებით მიდგომა, შესაბამისად შესაცვლელია გასატარებელ ღონისძიებათა მოცულობა და მათი განხორციელების ხერხები, საშუალებები და მეთოდები. პრობლემის წარმოუდგენლად რთული ხასიათიდან გამომდინარე,  გასაგებია, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება და წინადადება იქნება (და უნდა იყოს) წამოყენებული ამ მიმართულებით, მაგრამ ერთ პრინციპულ დასკვნაზე, ვფიქრობ, უკვე დღესვეა საჭირო საერთაშორისო ერთსულოვნება - კონსენსუსის მიღწევა: კაცობრიობის უსაფრთხო არსებობის ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნების პრობლემის გადასაწყვეტად გარემოს დაცვის მართვა ძირითადად უნდა გამოიყოს სახელმწიფოების სუვერენული უფლებებისაგან და დელეგირებული უნდა იქნეს გაეროსთან წევრი სახელმწიფოების ხარჯზე შექმნილი შესაბამისი ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურისათვის, რომელიც კომპლექსური მიდგომით შეიმუშავებს მოკლევადიან თუ შორეულ გეგმებს როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, ისე მისი ცალკეული რეგიონებისათვის და რომელსაც დაევალება კიდეც ამ პროგრამების აღსრულება და ზედამხედველობა. გასაგებია, რომ ასეთი წამოწყების რეალიზება წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, უაღრესად საჭიროც - საქმე მთლიანად კაცობრიობის მომავალს ეხება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Кучеров А. В., Шибилева О. В. Концепция «зеленой» экономики: основные положения и перспективы развития. Молодой ученый. 2014, №4,  (стр. 561-563).
  2. Арутюнов Ю.А., Нгуен Х.Т. Зелёная экономика – путь к устойчивому развития в развивающихся странах мира. Вопросы экономики и права. 2013, №4. (стр. 132-136).